ჟურნალი ნომერი 5 ∘ ნინო მაჩაიძე თავისუფალი კინო: მანიფესტი და საწყისი ეტაპებიხელმძღვანელი - პროფ. მანანა რუსიეშვილი
ვერცერთი ფილმი ვერ იქნება ძალიან პერსონალური.
გამოსახულება საუბრობს. ხმა მას ამძაფრებს და კომენტარს უკეთებს.
ზომა უმნიშვნელოა. სრულყოფილება არ არის მიზანი.
პოზიცია ნიშნავს სტილს. სტილი ნიშნავს პოზიციას.
Free Cinema Manifesto
მეოცე საუკუნე მსოფლიოსთვის სასოწარკვეთისა და გაურკვევლობის პერიოდს წარმოადგენდა, რაც მსოფლიო ომებითაც იყო გამოწვეული. ყველა სხვა, ომში მინაწილე ქვეყანასთან ერთად, არც ბრიტანეთი ყოფილა გამონაკლისი. 1939 წელს როდესაც ის მსოფლიო ომში ჩაერთო, გაურკვევლობისა და სასოწარკვეთის ნაწილი გახდა. ყველაფერი უარესობისკენ წავიდა, თუმცა ბრიტანეთი ამას არ აღიარებდა, ის კვლავ განმსჭვალული იყო ტრადიციული ნაციონალიზმითა და ეროვნული იდეებით; ამ ყველაფერს კი ხალხსაც თავს ახვევდა. მათი მთავარი მიზანი გერმანიის უარყოფითად წარმოჩენა გახლდათ და ამისთვის, ვფიქრობ, ყველაზე კარგსა და საზოგადოებისათვის მისაწვდომ ხერხს მიაგნეს. გადაწყვიტეს თავიანთი იდეების გასავრცელებლად ხელოვნება გამოეყენებინათ.
ომის დაწყებისთანავე ბრიტანეთში კინოთეატრები დაკეტეს, რადგანაც ფიქრობდნენ, რომ ისინი თავდასხმის ადგილი შეიძლება გამხდარიყო, თუმცა მალევე ისევ გახსნეს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი კი კინოთეატრების კონკრეტული დანიშნულება გახლდათ, მათი დახმარებით პროპაგანდისტული იდეების გავრცელება ძალიან მარტივი იქნებოდა. მთავრობის მიერ დაარსებული “ინფორმაციის სამინისტრო” ამ პროცესს სათავეში ჩაუდგა.
ხალხს მოუწოდებდა, რომ, უმეტესად, სახლში ყოფილიყვნენ, არ ესაუბრათ პოლიტიკურ თემებზე, რადგან შეიძლებოდა იქვე ჯაშუში მდგარიყო. დიასახლისებს თხოვდნენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ნარჩენი ქონოდათ, მაქსიმალურად გამოეყენებინათ ყველა ინგრედიენტი, წყალი თუ თანხა.
ბრიტანული პროპაგანდისერთ-ერთი მთავარი მოწოდება ომში იმ ადამიანების მოხალისედ წასვლა იყო, რომელთაც ომის არაფერი გაეგებოდათ. ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს კი გერმანიასთან დაპირისპირება და ერთგვარი კეთილისა და ბოროტის ჭიდილი წარმოადგენდა, სადაც კეთილი ( ანუ ბრიტანეთი) აუცილებლად გაიმარჯვებდა.
სწორედ ამგვარ ფილმებს იღებდნენ ორმოციანი წლების ბრიტანეთში, ფილმებს ომზე, სადაც უამრავი დაბრკოლების შემდეგ ბოლოს კეთილი იმარჯვებდა, მაგალითად ფილმი “Went the Day Well?” - გერმანელების ბრიტანეთის ერთ-ერთ სოფელში შეჭრას ასახავს. მიუხედავად უამრავი დანაკლისისა და ბევრი გარდაცვლილისა ფილმის ბოლო კადრში სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი, რომელიც ამაყად აჩვენებს ეკლესიის ეზოში გერმანელების საფლავებს და ამბობს: “მხოლოდ ეს არის ინგლისის ის ნაწილი, რომელიც მათ დაიკავეს”.
ვფიქრობ, ეს ფრაზა ზუსტად ასახავს ინგლისელების დამოკიდებულებას მეორე მსოფლიო ომისადმი, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა განადგურდა, ხალხი დაიხოცა და ქვეყანა დიდმა გაურკვევლობამ მოიცვა, მათი მოწოდება საზოგადოებისადმი რამდენიმე წელი სწორედ ასეთი იყო.
ფაქტობრივად, ხალხი სიცრუეში ცხოვრობდა, თავიანთი დიადი სამეფო ისევ დიადი ეგონათ, როდესაც რეალობა სულ სხვა გახლდათ. სინამდვილეში საზოგადოება სრულიად გარიყული იყო ერთმანეთისგან, გამძაფრებულად გამოხატავდნენ ნაციონალიზმის გრძნობასა და სიამაყეს იმ ქვეყნისადმი, რომელსაც საამაყო ამ პერიოდში არაფერი ჰქონდა. მუშათა კლასს ყოველდღიურად დილიდან ღამემდე უწევდა მუშაობა ეს ყველაფერი, არამხოლოდ ომისა და ომის შემდგომი რამდენიმე წლის, არამედ ორმოცდაათიანი წლების პრობლემაც გახლდათ.
ამ პერიოდში ჩნდება ლინდსი ანდერსონი, რომლის მიზანიც ილუზიების სამყაროში მცხოვრები ხალხის რეალობაში დაბრუნება გახლდათ. მან 1953 წელს. კარელ რაისთან და ტონი რიჩარდსონთან ერთად დაარსა დოკუმენტური ფილმების მიმდინარეობა “თავისუფალი კინო”, მათთან ერთად ტექნიკურ მხარეს ჯონ ფლეჩერი და უოლტერ ლესლი უძღვებოდნენ. ისინი შთაგონებული იყვნენ ბრიტანელი რეჟისორის ჰამფრი ჯენინგსის ნამუშევრებით, რომელმაც 1939 წელს გადაიღო ფილმი სახელწოდებით “თავისუფალი დრო”, სადაც ქვანახშირის, ფოლადისა და ბამბის ქარხანაში მომუშავე ადამიანების ყოველდღიურობას ასახავდა. ის გადმოცემდა, თუ როგორ ატარებდნენ თავისუფალ დროს სრულიად ჩვეულებრივი და უბრალო ადამიანები ჰამფრი ჯენინგსი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ყურადღება მუშათა კლასის ადამიანებს დაუთმო და მათი ცხოვრებით დაინტერესდა.
“თავისუფალი კინოს” არსი სახელწოდებიდან გამომდინარეც ცხადია. მათი მიზანი თავისუფალი ფილმების გადაღება იყო, რომელიც არანაირ შეზღუდვას არ დაემორჩილებოდა და, არსებული პროპაგანდის პირობებში, მაინც რეალობას გადმოსცემდა. რეჟისორებს უნდოდათ თავი დაეღწიათ ბრიტანულ კინოში არსებული სტერეოტიპებისგან, საშუალო ფენის განდიდებისგან და, როგორც თავად ამბობდნენ, წარმოეჩინათ “ყოველდღიურობის პოეზია”. მათ ღრმად სჯეროდათ, რომ ყველა კინო-რეჟისორს შეეძლო თავისი შემოქმედებით საკუთარი მოსაზრებები გამოეხატა.
“თავისუფალი კინოს” წევრები იმითაც გამოირჩეოდნენ, რომ მაქსიმალურად დაბალი ბიუჯეტით მუშაობდნენ ფილმებზე, ესეც თითქოს ერთგვარი ამბოხება იყო მაღალბიუჯეტიანი და სტერეოტიპული ინდუსტრიის წინააღმდეგ. ისინი 16 მილიმეტრიანი ფირით იღებდნენ. ფილმებს უმეტესად დამოუკიდებლად აფინანსებდნენ, ზოგ შემთხვევაში კი ბრიტანული კინო ინსტიტუტისა და “Ford Motor Company”-ს დაფინანსებასაც იყენებდნენ. ნამუშევრებში ხმა უმეტესად ასინქრონული იყო, რაც ფილმებშიც ცხადია, თუმცა ეს ნიშან-თვისება ბრიტანული ყოველდღიურობის აღქმას უფრო აძლიერებდა. ერთი მხრივ, ამის მიზეზად შესაბამისი ტექნიკის არქონა მიიჩნეოდა, თუმცა მალევე ხმის განზრახ აცდენა და დიალოგის კადრებზე მიმოფანტვა მათთვის სიმბოლური გახდა.
“თავისუფალი კინოს” წევრებს რომიდან ჩამოსული ლორენცა მაცეტიც შეუერთდა, რომელიც თავისი ფილმისთვის დაფინანსებას ეძებდა, მოძრაობის წევრები კი მას იდეის განხორციელებაში დაეხმარნენ.
საბოლოოდ კი ანდერსონმა შექმნა “თავისუფალი კინოს მანიფესტი”, რომელიც მოძრაობის მიზნებსა და ნიშან-თვისებებზე ამახვილებდა ყურადღებას.
ამ ყველაფრის შემდეგ კი გადაწყვიტეს დაეწყოთ ე.წ. “თავისუფალი კინოს” ჩვენებები, რომელიც 1956-1959 წლებში გრძელდებოდა და ჯამში 6 ჩვენება მოიცვა. აქედან მხოლოდ პირველი, მესამე და მეექვსე დაეთმო ბრიტანულ კინოს, დანარჩენმა სამმა კი უცხოური კინოინდუსტრია გააერთიანა, ისეთი რეჟისორების დახმარებით როგორებიც არიან: რომან პოლანსკი, ფრანსუა ტრიუფო, კლოდ შაბროლი და ა.შ.
***
პირველ ჩვენებაზე სამი ფილმი გამოჩნდა:
1. ლინდსი ანდერსონის “O’Dreamland” (1953). “ო, ოცნების სამყაროვ!”
2. რეისისა და რიჩარდსონის “Momma Don’t Allow”(1956). “დედიკო ნებას არ მაძლევს”
3. მაცეტის “Together”(1956). “ერთად”
O’ Dreamland ანდერსონმა 1953 წელს გადაიღო, მისი ჩვენების იმედი არც არასდროს ჰქონია. ფილმი გადმოსცემს კენტში ერთ-ერთი გასართობი პარკის “Dreamland”-ის ყოველდღიურობას.
ფილმი იწყება ე.წ. “წამების მუზეუმით”, სადაც ბავშვებს იწვევენ, რომ ჯაშუში როზენბერგის სიკვდილით დასჯა იხილონ მანეკენების გამოყენებით. ამ წამების დროს გაისმის იქვე მყოფი მანეკენი პოლიციელის შემზარავი სიცილი, რომელიც დასრულებამდე გასდევს ფილმს. ამის შემდეგ, წამების სხვადასხვა ვარიაცია ჩანს, ადამიანის ჩამოხრჩობა, დაწვა, ბოლოს კი ჟანა დ’არკის სიკვდილით დასჯასაც ვიხილავთ. მიუხედავად იმისა, რომ სანახაობა ბავშვებისთვის გასართობად არის გათვლილი, მათ სახეზე უფრო დაბნეულობა და იმედგაცრუება იკითხება. ნელ-ნელა კადრი იცვლება, ჩანან ახალგაზრდა მოცეკვავე ქალები, ხის თოჯინები და თანდათან ღამდება. ფილმის ფონოგრამა უმეტესად მექანიკური თოჯინების სიცილს წარმოადგენს, რომელსაც აქა იქ ნაკლებად სასიამოვნო მუსიკა ენაცვლება და საერთო ჯამში საკმაოდ სახიფათო და ამავდროულად დამცინავი გარემო იქმნება, რასაც ბოლო კადრიც ამყარებს: “ფილმი დამზადებულია ზღაპრულ ქვეყანაში”. მიუხედავად იმისა, რომ “ზღაპრული ქვეყანა”(Dreamland) გასართობი პარკის სახელია, ის ერთგვარად ინგლისსა და იმ დროინდელ რეალობასაც აშარჟებს, რეალობას სადაც ბავშვის გასართობ იარაღად სიკვდილით დასჯა გაუხდიათ.
1955 წელს დასრულდა რაისისა და რიჩარდსონის ფილმის გადაღება, რომელსაც თავდაპირველად ერქვა უბრალოდ “Jazz”, მოგვიანებით კი ჩვენებამდე სახელი გადაარქვეს და დღემდე ცნობილია როგორც “Momma Don’t Allow”. ფილმი ორმოცდაათიანი წლების თინეიჯერებს გვიჩვენებს, რომლებიც ღამის კლუბში გასართობად მიდიან. ეს სახელწოდება თითქოს უფრო მკაფიოდ გამოხატავდა მათი თავისუფალი ცხოვრებისკენ სწრაფვას. თინეიჯერების დიდ ნაწილს შეადგენდა ე.წ. “Teddy Boys”. “Teddy Boys” ბრიტანელი ახალგაზრდა მამაკაცების დაჯგუფება იყო, რომლებსაც განსაკუთრებით უყვარდათ როკი და ბლუზი. ფილმში ისინი თავის მეგობარ გოგონებთან ერთად ერთობიან, ყველაფერი კარგად მიდის მანამ სანამ კლუბს ლამაზად ჩაცმული, მდიდარი მანქანებით მოსული საშუალო ფენა არ შეუერთდება. აქ თითქოს დინამიკა ირღვევა, საშუალო ფენა არ არის იმდენად თავისუფალი როგორც მუშათა კლასის ახალგაზრდები და ჩანს ვერც არსებულ გარემოს ერგებიან, რაც იმაშიც აისახება, რომ კლუბს მალე ტოვებენ.
პირველი ჩვენების ბოლო ფილმი ლორენცა მაცეტის დოკუმენტური ნამუშევარი “Together” იყო. მაცეტის ეს ნამუშევარი ყველაზე გრძელი გახლდათ პირველ სამ ფილმს შორის და გამორჩეული მხატვრულობითა და პოეტურობით ხასიათდებოდა. აღსანიშნავია, რომ მაცეტი “თავისუფალი კინოს” წარმომადგენლებში ამ დროისთვის ერთადერთი ქალი იყო.
მაცეტის მთავარი თემატიკა, რაც მის წინა ნამუშრევებშიც აშკარაა, ადამიანთა გაუცხოებაა. ამ ფილმში ის ორი ყრუ-მუნჯი ადამიანის ამბავს მოგვითხრობს, რომლებიც დღითიდღე ცდილობენ თავი გაიტანონ და გადაურჩენ იმ სამყაროს, რომელიც მათთვის უცხო, თუმცა მაინც ნაცნობია. ფილმი ლონდონის აღმოსავლეთშია გადაღებული და ასახავს, როგორ რთულ რეალობაში უწევთ არსებობა მთავარ გმირებს, როგორ დასცინიან პატარა ბიჭები, როგორი უსუსურები არიან მათი და ცხოვრების წინააღმდეგ. მაცეტი ერთგვარ კონტრასტს ქმნის ცოდვილსა და უცოდველ სამყაროს, ხმაურსა და სიჩუმეს შორის. “ეს არ არის დოკუმენტური ნამუშევარი, ეს არის პოეტური, სიმბოლური ფილმი. ჩემი მიზანი არ ყოფილა ლონდონის აღმოსავლეთის წარმოჩენა, ჩემი მიზანი გარე სამყაროს დახასიათება იყო. მთავარი არსი ის გახლდათ, რომ ორი ყრუ-მუნჯი უმანკოებას განასახიერებს მთელი სამყაროს საპირისპიროდ.” თქვა მაცეტიმ. [UCL’s Slade School of Fine Art,2013]
ფილმში ის ფაქტი, რომ ორივე მთავარი გმირი ყრუა მეტაფორულ დატვირთვას ატარებს ადამიანის გაუცხოების გადმოსაცემად, თუმცა ეს პოეტური თვისება მალევე მატერიალურში გადადის, როდესაც ფილმის ბოლოს ორი მეგობრის ერთობა ირღვევა. წყალში გადავრდნილი გმირი სწორედ ლაპარაკის უუნარობის გამო ვერ აგონებს ძალიან ახლოს მდგომ მეგობარს. ესეც ერთგვარი გაუცხოებაა, თუ აქამდე მათ უბრალოდ სამყაროსი არ ესმოდათ, ახლა ფიზიკურმა ნაკლმა რეალობაში გადმოინაცვლა და ერთმანეთს დააშორა.
პირველი სამი ფილმი მოძრაობის სიმბოლოდ ითვლება. ისინი ყველაზე კარგად გამოხატავდნენ მოძრაობის არსსა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერთგვარად გამოფიტულ, ილუზიაში მცხოვრებ საზოგადოებას. საბოლოოდ კი “თავისუფალმა კინომ” ბრიტანულ ახალ ტალღას და მასში წარმოდგენილ მხატვრულ ნამუშევრებს დაუდო საფუძველი.
ეს ყველაფერი არც ქართველი საზოგადოებისთვის უნდა იყოს უცხო, საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩვენთანაც არსებობდა ძალიან დიდი პროპაგანდა, რომელიც კომუნისტური რეჟიმისა და მომუშავე ადამიანის წინ წამოწევას გულისხმობდა. ეს ყველაფერი კარგად ჩანს ქართულ ფილმებში, როგორებიცაა “ჭრიჭინა”, “უდიპლომო სასიძო” და ა.შ.. კომუნისტური მოტივების ეკრანზე წარმოჩენა, უმეტესად, კომედიური ჟანრით ხდებოდა. რაც შეეხება იმ ფილმებსა და ზოგადად ხელოვნების იმ ნიმუშებს, რომლებიც კომუნისტური რეჟიმის მომხრე მოსაზრებებს არ ავრცელებდა, მათ ცენზურა ან საერთოდ არ აქვეყნებდა, ან კიდევ სასურველი ცვლილებებით. მდგომარეობა საქართველოშიც ბრიტანეთის მსგავსი იყო, კინოს თავისუფლება არ ჰქონდა, თუმცა მაინც გამოჩნდნენ ქართული თავისუფალი კინოს ქომაგები და, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანული “თავისუფალი კინოსგან” განსხვავებით, ისინი მხატვრულ ფილმებს იღებდნენ, მათ თავიანთი ვალი მოიხადეს. ასეთებია, მაგალითად თენგიზ აბულაძის “მონანიება” ან რეზო გაბრიაძის “შერეკილები”.
აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ხელოვნებას ყოველთვის უწევს გარკვეულ კანონებთან და მასზე ზემდგომებთან ჭიდილი, თუმცა ორივე წარმოდგენილ შემთხვევაში, ყოველთვის ჩნდებიან ადამიანები, ვინც მორჩილებიდან ამბოხებამდე გადიან გზას. სწორედ ასე იქმნება ნამდვილი ხელოვნება, ხელოვნება, რომელიც არა ილუზიებს, არამედ “ყოველდღიურობის პოეზიას” უკვალავს გზას და ჩვენ, უბრალო ადამიანებს, გვაჩვენებს, რომ გარშემო არსებული სამყარო რეალურია, კინოს იდეალი კი- უმეტესად მიუღწეველი. მიუხედავად ყველაფრისა, ბრძოლა, სინამდვილის პირუთვნელი ასახვა მაინც ღირს.
ბიბლიოგრაფია:
1. Anthony, S. Spare Time. British Film Institute Screen Online.
http://www.screenonline.org.uk/film/id/444789/index.html
2. Dupin, Ch. Free Cinema. British Film Institute Screen Online.
http://www.screenonline.org.uk/film/id/444789/index.html
3. Dupin, Ch. O’Dreamland. British Film Institute Screen Online.
http://www.screenonline.org.uk/film/id/438978/index.html
4. Dupin, Ch. Momma Don’t Allow. British Film Institute Screen Online.
http://www.screenonline.org.uk/film/id/439003/index.html
5. Dupin, Ch. Together. British Film Institute Screen Online
http://www.screenonline.org.uk/film/id/439078/index.html
6. Massarenti, F. 2020, 8th January. The Life and Cinema of Lorenzza Mazzetti. Another Gaze.
https://www.anothergaze.com/not-country-not-home-nobody-whole-world-life-cinema-lorenza-mazzetti/
7. UCL’s Slade School of Fine Art. 2013 March. Lorenza Mazzetti on Paolozzi.
https://vimeo.com/70631249
8. Anderson, L. (Director) 1953. O Dreamland.
9. Reisz, K. & Richardson, T. (Directors). 1956. Momma Don’t Allow. BFI Experimental Film Fund.
10. Mazzetti, L. (Director). 1956. Together. Harlequin Productions, BFI Experimental Film Fund.
11. Anderson, L. (Director). 1985. Free Cinema.
12. Sharashidze , L. Socialist Realism as a shadow of the Soviet censorship in Cinema.
http://shorturl.at/gkBT6